რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი: თუ საჭიროა, უკრაინამ იერიშები რუსეთის ტერიტორიაზეც უნდა მიიტანოს

Oleg Petrasyuk / EPA

ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, იუკა კოპრას თქმით, უკრაინას შეუძლია, მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle წერს.

"თუ საჭიროა, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე იერიშიც უნდა მიიტანოს. ეს არის სრულად ლეგიტიმური თავდაცვითი ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს. გაეროს ქარტია სახმელეთო საზღვრებს მიღმა სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას არ კრძალავს". - თქვა კოპრამ.

როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განმარტა, მრავალი ქვეყანა, რომელიც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ იარაღის სისტემებს აწვდის, რუსეთის ტერიტორიაზე მათ გამოყენებას უკრძალავს. მაგალითად, ომის პირველი თვეების განმავლობაში აშშ უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებას არ რთავდა.

ჰაკანენის თქმით, ფინეთს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია. მანვე დაამატა, რომ გერმანიას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

"გერმანიას მოვუწოდებთ, სერიოზულად განიხილონ ეს (რედ. - შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნა). გერმანიის მთავრობამ იცის, რომ ისინი დიდი მნიშვნელობის იქნებოდა". - თქვა ჰაკანენმა. 

კომენტარები