განათლების სამინისტრო

1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება

ipress

1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა TV იმედის ეთერში თქვა. ცნობისთვის, უნივერსიტეტებს შესაძლობლობა მიეცათ, სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებიც დანერგონ. საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება 180-კრედიტიანი და 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესის შესახებ.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები ჯერჯერობით, მხოლოდ ბიზნესის მიმართულებაზე დაინერგება. თუმცა, განათლების მინისტრი ამბობს, რომ "ამაზე არ გავჩერდებით". 

მინისტრის თქმით, "ძალიან მოქნილ", ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება. მაგალითად, სტუდენტს, რომელიც ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას დაამთავრებს, არ შეეძლება სადოქტორო საფეხურის გაგრძელება.

"ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე, მიმდინარეობს სფეროს ექსპერტებთან მუშაობა, სხვა მიმართულებიც გავხსნათ. 

ასევე წინსწრებით გეტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა.

რეალურად არის ძალიან მოქნილი როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ეს ასევე არის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი საერთაშარისო პროგრამების და ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, ვინაიდან, სრულად არის თანხვედრაში გნებავთ ევროპულ, გნებავთ ამერიკულ პრაქტიკასთან" - ამბობს ამილახვარი.

კომენტარები