მიხეილ სააკაშვილის საქმე

იონათამიშვილი: გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ფოტიგა სააკაშვილის ოჯახისგან ფინანსდება

რატი იონათამიშვილი/ანა ფოტიგა

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. 

იონათამიშვილი ეჭვობს, რომ ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის ოჯახისგან და ლობისტებისგან ფინანსდება.

"ფაქტია, ეს ადამიანი [ანა ფოტიგა] საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა მიხეილ სააკაშვილის საკითხს აყენებს, რაც დაუშვებელია და გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ის სააკაშვილის ოჯახისგან და ლობისტებისგან ფინანსდება - ეს ინტერესი გააჩნია.

ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია და იმედს გამოვთქვამ, ასეთი პირები, რომლებიც საკუთარ მანდატებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან და საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორულ ურთიერთობებს მტრობენ, მომდევნო მოწვევის ევროპარლამენტში ადგილს ვერ იპოვიან". - თქვა იონათამიშვილმა.

28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი ანგარიში მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული, ერთ-ერთი შესწორება კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამ შესწორების ავტორი პოლონელი ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის გენერალური მდივანი, ანა ფოტიგაა.

შესწორებაში ნათქვამია: "გამეორებულია მოწოდება, რომ გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ ნიადაგზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მისი შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას".

ფოტიგამ საკუთარ X-ზე დაწერა, რომ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პირადი მტერი და პატიმარია და მისი ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვან.

კომენტარები