რუსეთი-ჩინეთი

FT: რუსეთი ჩინეთის თავდასხმის სცენარზე წვრთნებს ატარებდა

ვლადიმირ პუტინი, 2017 წელი
Alexei Nikolsky/Kremlin

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ მათ მოიპოვეს რუსეთის გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც წვრთნების დროს ვარჯიშობდნენ მსოფლიო ძალასთან ომის საწყის ეტაპზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში და ასევე გადიოდნენ ჩინეთის თავდასხმის სცენარებს.

FT-ს ცნობით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების ზედა ზღვარი იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს საჯაროდ აქვთ ნათქვამი. გამოცემის ცნობით, დოკუმენტები მოიცავს 29 საიდუმლო სამხედრო ფაილს, რომლებიც შედგენილია 2008-2014 წლებში და განხილულია ომის თამაშების სახის წვრთნების სცენარები და საზღვაო ოფიცრებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციები, რომლებშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პრინციპებზეა საუბარი.

FT-ს მიხედვით, მოწინააღმდეგეზე რუსეთის პოტენციური ბირთვული პასუხი იქნება სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ მათი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავების 20%-ის გაანადგურებენ.

როგორც FT წერს, მათ დოკუმენტები დასავლელმა წყაროებმა აჩვენეს. ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალები თითქმის 10 და მეტი წლით თარიღდება, მაინც რელევანტურია რუსეთის თანამედროვე სამხედრო დოქტრინასთან.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დოკუმტით ცხადია, რუსეთს აქვს "სიღრმისეულად გამჯდარი ეჭვები ჩინეთის მიმართ", მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ალიანსი გაფორმდა და ჯერ კიდევ 2001 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პირველი ბირთული იერიშის მიტანას კრძალავს.

ასევე FT ყურადღებას აქცევს ფაქტს, რომ მას შემდეგ მოსკოვი და პეკინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ, ხოლო უკრაინის ომისა და დასავლური სანქციების ფონზე ჩინეთი რუსეთისთვის ეკონომიკურ სასიცოცხლო წყაროდ რჩება. თუმცა, გასულ წლებში დაახლოების მიუხედავად, FT ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგი მაინც ვარჯიშობდა რამდენიმე სცენარით, რომელიც ჩინეთის თავდასხმას ითვალისწინებდა.

FT-ს მაგალითად მოჰყავს დოკუმენტებში განხილული ერთ-ერთი წვრთნები, რომლის დროსაც განიხილებოდა ჩინეთის ჰიპოთეტური თავდასხმა და რუსეთის კოდური სახელი იყო "ჩრდილოეთის ფედერაცია". ამ სცენარში ნათქვამი იყო, რომ "ჩრდილოეთის ფედერაციას" შეეძლო თავდასხმაზე პასუხი გაეცა ტაქტიკური ბირთვული იარაღით, რათა "სამხრეთის" თავდამსხმელი ძალების მეორე ნაკადის წინსვლა შეეჩერებინა.

"მთავარსარდლის მიერ გაცემულია ბრძანება... გამოვიყენოთ ბირთვული იარაღები... იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მეორე ეშელონის სამხედროებს გადმოტყორცნის და სამხრეთი მთავარი მიმართულებით ღრმად შეტევის საფრთხეს შექმნის." – FT-ს ცნობით, ეწერა დოკუმენტებში.

FT-სთან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს, რომ რუსეთში რაიმე ეჭვი შეაქვთ და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის დადებულ შეთანხმებებს, რომლებიც "სამუდამო მეგობრობას" ქმნის. მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ კრემლში.

ცალკეულ წვრთნებში, რომლებიც ჩინეთის თავდასხმის სცენარს არ შეეხება, ნახსენებია ბირთვული იარაღის გამოყენების სხვა კრიტერიუმებიც, მაგალითად მოწინააღმდეგის ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა, სასაზღვრო მონაკვეთების დამცველი ქვედანაყოფებების დამარცხება ან მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმა კონვენციური იარაღით.

 სხვა სცენარები, როცა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს არის: ბალისტიკური რაკეტების მზიდი წყალქვეშა ნავების 20%-ის განადგურება, ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ნავების 30%-ის განადგურება, სამი ან მეტი კრეიზერის განადგურება, სამი აეროდრომის განადგურება, მთავარი და სარეზერვო სამეთაურო ცენტრებზე დარტყმა.

ამას გარდა, დოკუმენტების მიხედვით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის: სახელმწიფოების აგრესიის შეკავებისთვის ან სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის ასარიდებლად, აგრესიის შესაჩერებლად, რუსეთის მიერ ტერიტორიის დაკარგვის ან ბრძოლაში დამარცხების თავიდან ასარიდებლად, რუსეთის საზღვაო ძალების ეფექტიანობის ასამაღლებლად.

გასულ წელს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ "უარყოფითად" უყურებდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა შემდეგ დაიტრაბახა, რომ NATO-ზე დიდი ტაქტიკური ბირთვული არსენალი აქვთ. ამას გარდა, ის ამბობდა, რომ დოქტრინის მიხედვით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ორ შემთხვევაში: მოწინააღმდეგის პირველი ბირთვული დარტყმის პასუხად და თუ ქვეყნის "არსებობას საფრთხე შეექმნება", თუნდაც კონვენციური იარაღის სახით.

 

კომენტარები