2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გაიმარჯვა

AP Photo/Andrew Harnik

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გაიმარჯვა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობას მიუახლოვდა. 

პრაიმერიზში ტრამპის მეტოქე გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი იყო. ყოფილმა პრეზიდენტმა ჰეილიზე დაახლოებით 20%-ით მეტი ხმა მოიპოვა.

ამჟამად ხმების 99%-ია დათვლილი, აქედან 59.8% ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ხმების 39.5% მიიღო. 

CBS News-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ტრამპმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და როგორც ქალთა, ისევე კაცთა შორის ჰეილიზე მეტი ხმა მიიღო. 

გამარჯვების აღსანიშნავ სიტყვაში ტრამპმა თავისი კონკურენტი არ მოიხსენია. ამის ნაცვლად, ტრამპმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელშიც, სავარაუდოდ, ის და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიღებენ მონაწილეობას. 

"ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში შევხედავთ, ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ვეტყვით: 'წადი, ჯო, გათავისუფლებული ხარ'". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა და შეახსენა: "წინ ბევრი სამუშაო გველის". 

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე რესპუბლიკური პარტიის "ერთსულოვნება" შეაქო და თქვა, რომ ის უპრეცედენტოა. 

"ასეთი სულისკვეთება არასდროს არ ყოფილა. ამდენად ერთსულოვანი რესპუბლიკური პარტია არასდროს მინახავს". - თქვა ტრამპმა. 

ჰეილიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ თქვა, რომ დადებულ პირობას უერთგულებს, რადგან "სიტყვის ქალია" და ჯერ რბოლას არ გამოეთიშება.

"ჩვენს პრაიმერიზში ამომრჩეველთა დიდი რიცხვია, რომელიც ამბობს, რომ ალტერნატივა სურს. [...] ამ ბრძოლას არ დავანებებ თავს, როცა ამერიკელთა უმრავლესობა დონალდ ტრამპსაც და ჯო ბაიდენსაც გმობს". - თქვა ჰეილიმ. 

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ ჰეილის ძალისხმევაზე თქვა, რომ "მის განსჯის უნარს დელუზია ფარავს და რეალობაში აღარ ცხოვრობს". 

თუკი ჰეილი გადაწყვეტს, ტრამპის კანდიდატურას ბოლომდე შეეცილოს, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი კანდიდატები კოკუსებსა და პრაიმერის კენჭისყრებზე წარმატებული შედეგის დადებით შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს 2 500 დელეგატიდან, სულ მცირე, 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება.

კომენტარები