აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მ რუსეთთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

REUTERS

დღეს, 23 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ახალი სანქციები 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა

სანქციები, დიდწილად, მიმართულია Мир-ის საგადასახადო სისტემის, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების, ენერგიის წარმოების შესაძლებლობების და სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის შესუსტებისკენ, ასევე რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ. 

როგორც აშშ-ს სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტების განცხადებებში ვკითხულობთ, ახალი სანქციები შეეხო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებსაც. 

აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის თქმით, ახალი სანქციები მიზნად ასახავს ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის პასუხისგებაში მიცემას. 

"ეს უზრუნველყოფს, რომ პუტინმა კიდევ უფრო მეტი ფასი გადაიხადოს საზღვარგარეთ მისი აგრესიისა და რეპრესიებისთვის". - თქვა ბაიდენმა სანქციებთან დაკავშირებით საუბრისას.

აშშ-ს სახდეპის სანქციების სიაში მოხვდა ნავალნის სიკვდილთან კავშირში მყოფი სამი პირი, რომლებიც რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურში მუშაობენ. მათგან ერთ-ერთი არის უწყების დირექტორის მოადგილე, რომელიც, სახდეპის განცხადების მიხედვით, ციხის თანამშრომლებს ნავალნის მიმართ მკაცრი მოპყრობის დირექტივებს აძლევდა. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 300 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 250-ზე მეტის, ხოლო კომერციის დეპარტამენტმა სანქციების სიაში დამატებით 90-ზე მეტი კომპანია შეიყვანა.  

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც ვასუსტებთ რუსულ ომის მანქანას. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს მთელს მსოფლიოში, რათა უკრაინას მისცეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი და თავისუფლება პუტინის ბარბაროსული თავდასხმისგან". - თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა. 

სანქციები შეეხო ათზე მეტ რუსული ბანკს, საინვესტიციო ფირმას, კაპიტალის ფონდებსა და ფინტექნიკურ კომპანიები, მათ შორის SPB Bank, რომელიც ეკუთვნის SPB Exchange-ს, რუსეთის სიდიდით მეორე საფონდო ბირჟას. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დააწესა სანქციები ჩინეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყაზახეთსა და ლიხტენშტაინში დაფუძნებული ფირმების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულები. 

კომენტარები