შინაური ცხოველები

რა ცვლილებები შედის შინაურ ცხოველთა შესახებ კანონში

შინაური ცხოველები

რა ცვლილებები შედის შინაურ ცხოველთა შესახებ კანონში

საქართველოს პარლამენტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა თებერვლის ბოლოს დაიწყება. კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბითაძემ ისაუბრა.

ბითაძის თქმით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მეპატრონეები და მიმკედლებლები ვალდებულები იქნებიან, რომ საკუთარი ძაღლები დაარეგისტრირონ.

"ამ ვადის შემდეგ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება, ვალდებული იქნება, რომ ძაღლის რეგისტრაცია გადაამოწმოს - იქნება ეს ვეტერინალური კლინიკა, ძაღლსაშენი, სასტუმრო თუ თავშესაფარი. ეს იმ ადამიანის პოვნას გააადვილებს, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო". - ამბობს ბითაძე.

ბითაძე ამბობს, რომ ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება და ამჟამინდელი სიტუაციისგან განსხვავებით, ამის უფლება ყველას აღარ ექნება.

"მეპატრონეები უნდა შეეჩვიონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის გამრავლებას ლეგალურად არ აპირებენ, ისე, რომ ლეკვების, ან კნუტების რეგისტრაცია მოხდეს, მათ საკუთარ ცხოველს კასტრაცია, სტერილიზაცია უნდა გაუკეთონ". - თქვა ბითაძემ.

ბითაძემ მრავალბინიან კორპუსში ცხოველების ყოლასთან დაკავშირებულ შეზღუდვაზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ 2025 წლის 1-ლი ივლისიდან კორპუსის ბინაში 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა აიკრძალება. ახალი კანონპროექტის მიხედვით, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ პირი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს, ან მიიკედლებს. ასეთ შემთხვევაში, ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

"ასევე, მიმკედლებლებისთვის დახმარების მექანიზმები გვაქვს - გარკვეული პერიოდი სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ ცხოველის სტერილიზაციის, კასტრაციისა და ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა თავად გააგრძელოს". - განაცხადა მაია ბითაძემ. 

მაია ბითაძის თქმით, ცვლილებები შეეხება ცხოველის ტრანსპორტირებასაც.

"მოქმედი კანონმდებლობით, ალიკაპის ან საბელის გარეშე ცხოველის ტრანსპორტირება იკრძალება. ამ კანონპროექტის ახალი დებულებით კი შეზღუდვა მხოლოდ მოკლე საბელამდე რჩება. მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება კი ჩანთით ან ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით იქნება შესაძლებელი". - ამბობს ბითაძე.

რაც შეეხება ცხოველის მიკედლების საკითხს. კანონპროექტის მიხედვით, ძაღლისა და კატის მიკედლება არ შეიძლება ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროსადგურების, ბაზრების, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურებისა და სასაფლაოების ტერიტორიაზე. ბინათმესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში კი მიკედლება მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ბითაძემ ცხოველების გამრავლების საკითხის შესახებაც ისაუბრა.

"მეპატრონე, რომელიც ცხოველის გამრავლებით არის დაინტერესებული, ვალდებულია, შესაბამისად ავტორიზებულ საშენს მიმართოს და ვეტერინალური დაწესებულებიდან ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან ჯიშიანობასა და გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ ცნობა წარუდგინოს". - ამბობს ბითაძე.

კანონპროექტის მიხედვით, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

  1. ნარევი (მეტისი) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, გარდა სელექციის შემთხვევისა;
  2. ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში;
  3. გენეტიკური დაავადების მქონე ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება;
  4. 18 თვემდე და 8 წლის ზემოთ ასაკის ძაღლის გამრავლება;
  5. გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან;
  6. ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ;
  7. 2 თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება.

კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლებიც განისაზღვრა.

ასეთი ძაღლებია:

  1. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ;
  2. ფილა ბრაზილეირო;
  3. ბულტერიერი;
  4. ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;
  5. არგენტინული დოგი;
  6. ტოსა ინუ;
  7. ამერიკული ბულდოგი;
  8. კანგალი;
  9. კანე კორსო;
  10. დობერმანი;
  11. კავკასიური ნაგაზი;
  12. შუააზიური ნაგაზი;
  13. აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი;
  14. ბერძნული ნაგაზი;
  15. კრაშის ნაგაზი;
  16. გერმანული ნაგაზი;
  17. რუმინული ნაგაზი;
  18. მასტიფები;
  19. ბორდოული დოგი;
  20. კანარის დოგი;
  21. როტვეილერი;
  22. რიზენშნაუცერი;
  23. ლეონბერგერი;
  24. მარემა;
  25. მოსკოვური საყარაულო;
  26. კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);
  27. სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
  28. ბანდოგი;
  29. გულდონგი;
  30. მგლის ჰიბრიდები.

კანონპროექტის მიხედვით, მათთვის, ვისაც ამ ჯიშის ძაღლები ჰყავთ, ვალდებულებები განისაზღვრა. კერძოდ, ის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის პირი და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს შემდეგი ცნობები უნდა წარუდგინოს:

  • ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
  • კინოლოგიური დაწესებულებიდან, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის (მეპატრონისა და მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ერთობლივი ჩართულობით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კომენტარები