შინაური ცხოველები

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯომარის, მაია ბითაძის თქმით, ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმები იზრდება. ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

ბითაძის განმარტებით, ცვლილება შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის არსებული 20-ლარიანი ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ძაღლის მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.

"ჯარიმა იმდენად მცირეა მოქმედი კანონმდებლობით, რომ ეს ვერ არის შემაკავებელი ფაქტორი მეპატრონეებისთვის იმისათვის, რომ ძაღლი ატარონ ალიკაპით ან საბელით. მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გავიყვანოთ ალიკაპით ან საბელით. ფაქტობრივად, 80% შემთხვევაში ამ პირობების დაცვა არ ხდება და ძალიან მოხშირდა მომართვა პარლამენტის მიმართ, რათა ეს საკითხი გადაწყდეს მანამ, სანამ ახალ კანონს მივიღებთ". - თქვა ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, პარალელურად, გარემოს დაცვის კომიტეტი "შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის შესახებ" ახალ კანონპროექტზე მუშაობს.

კომენტარები