ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი ნეთანიაჰუს: მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე, რაფაში მოქმედებები არ დაიწყოთ

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo Acquire Licensing Rights

11 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 45 წუთის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის თქმით, ბაიდენმა ისრაელის პრემიერს მოუწოდა, რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმის არსებობის გარეშე, სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს. ამ დროისთვის ქალაქ რაფას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი აფარებს თავს.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი 132 მძევლის გათავისუფლებაზე გამართული მოლაპარაკებები იყო. მისი თქმით, შეთანხმება თითქმის უკვე მიღწეულია, თუმცა "მნიშვნელოვანი" განსხვავებები მაინც რჩება.

ამასთანავე, ნეთანიაჰუსთან საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ რაფაში სამხედრო ოპერაცია ვერ დაიწყება, თუკი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სანდო და შესრულებადი გეგმა არ იარსებებს. ამას გარდა, ბაიდენმა ღაზაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა ღაზაში ისრაელის მოქმედებებს "გადამეტებული" უწოდა.

 ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, სადაც ახლო მომავალში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ, საბრძოლო მოქმედებები 1 თვეში, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე უნდა დაასრულონ.

ცნობების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ ნეთანიაჰუს შეატყობინა, რომ არმია მოქმედებებისთვის მზადაა, თუმცა მთავრობამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს რა ბედი ელით პალესტინელებს, რომლებიც ამჟამად აქ ცხოვრობენ. ამას გარდა, ჰალევის სჭირდება მითითება, თუ როგორ იმოქმედებენ ეგვიპტის საზღვართან, რადგან რაფა სასაზღვრო რეგიონია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რაფაში ოპერაციის ჩატარება აუცილებელია, თუმცა აქამდე მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას მისცემენ. ამისთვის, ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს დაავალა, ომის კაბინეტს სახმელეთო ოპერაციისა და ევაკუაციის გეგმა წარუდგინონ.

კომენტარები