მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებაზე: კარგი იდეის მკვლელობა მიდის

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა კვირის ფორმულაში საუბრისას 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ პარტიის დაპირებაზე საუბრისას თქვა, რომ "კარგი იდეის მკვლელობა მიდის".

"ამოცანა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება და ძალიან სერიოზული გეგმა, რას ვაკეთებთ მეორე დღეს. აი ეს არის ამოცანა. ამაზე არავინ არ საუბრობს.

მე მინდა გითხრათ, რომ ლელო არის, რომელმაც შემოიტანა ის თემები, რომლებზეც ოპოზიციაც თავს დაგვესხა, სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ ეკითხათ - როგორ აკეთებთ ამას? არა.

ნახეთ, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, ვიღაცა რაღაცას რომ მეტყვის, რომ, ვთქვათ, კარგია ეს ჩემთვის, რაღაცას ჰპირდები რა. მე პირველი, რაც მაინტერესებს, პირველი კითხვას დავსვამ - როგორ აკეთებ ამას? ამაზე კი არ წავიდა საუბარი, წავიდა თავდასხმა და ბოლოს ვინ იგებს, იგებს ოცნება, იმიტომ, რომ კარგი იდეის მკვლელობა მიდის". - თქვა ხაზარაძემ. წამყვანის კითხვას, საუბრისას გულისხმობდა თუ არა 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ლელოს ლიდერმა უპასუხა, რომ "კი".

18 იანვარს პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება. იმავე ეთერში მას დაუპირისპირდა გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი და თქვა, რომ ვინც პირველ წელს 200 ლარით მეტ ზრდას დაჰპირდება პენსიონერებს, ის აბსოლუტურად მატყუარაა.

კომენტარები