მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა ოცნების კიდევ ერთი უღირსი საქციელია

კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართულმა ოცნების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმიანება და წერს, რომ ეს ოცნების "კიდევ ერთი უღირსი საქციელია".

"როგორი უღირსი უნდა იყო რომ ქართველს, საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად, მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო.

ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის ქართული ოცნების კიდევ ერთი უღირსი საქციელი!

არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!

პ.ს. საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!" - წერს ხაზარაძე.

ადმინისტრაციის ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

ცნობისთვის, 13 მაისს ონლაინ გამოცემა The Diplomat წერდა, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმი სავარაუდოდ აპირებს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას მხარი არ დაუჭიროს.

The Diplomat-ის წყაროების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილის რეჟიმი თანამდებობაზე საამიროების კანდიდატის, შაიხა ალ ნოვაისს, მხარდაჭერას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით "გაეროს სისტემაში პრეცედენტი" დააწესა.

ონლაინ მედიის მიხედვით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

კომენტარები