ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ლელოს თამჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგს ახროციელებენ.
ბიუროს ცნობით, "განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან".
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სსიპ – ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.
ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს". - ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
გარდა ამისა, რაჟდენ კუპრაშვილის უწყება წერს, რომ ასევე სწავლობენ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებს და "ამ კოტექსტში მიმდინარეობს" მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებული შემოწირულობებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.
"ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.
საზოგადოებაში არსებული კითხვები, ამ კონკრეტული ხელშეკრულების არსსა და მის დეკლარაციაში ასახვის სიზუსტესთან დაკავშირებით, ბუნებრივად წარმოშობს აუცილებლობას, დეტალურად და მიუკერძოებლად იქნეს გამოკვლეული, ხომ არ მოხდა სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს.
ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესის გამჭვირვალობასა და კანონიერებას. საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მონიტორინგის შედეგების შესახებ". - წერს უწყება.
შემოსავლების სამსახურმა (RS) 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდნენ, რომ პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის უძრავი ქონების იჯარით გაცემისას გადასახადისგან თავის არიდების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყეს.
განცხადება გაავრცელა ასევე პარტია ლელოს ლიდერმაც. ხაზარაძე წერს, რომ მის მეუღლესა და გერმანიის ელჩს შორის, მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით არის გაფორმებული.





