ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ცნობით, ღაზაში გაეროს სააგენტოს სათაო ოფისის ქვეშ ჰამასის ობიექტი აღმოაჩინეს

ისრაელის სამხედროები UNRWA-ს სათაო ოფისის ქვეშ მდებარე ჰამასის მონაცემების ცენტრში, 2024 წლის 8 თებერვალი.
Emanuel Fabian/Times of Israel

ისრაელი ავრცელებს ცნობას, რომ UNRWA-ს (პალესტინელი დევნილების გაერთიანებული ერების დახმარების სააგენტო ახლო აღმოსავლეთში) სათაო ოფისის ქვეშ აღმოაჩინეს ჰამასის სამხედრო ობიექტი, რომელსაც საკომუნიკაციო ცენტრად და სადაზვერვო მიზნებით იყენებდნენ.

გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მიწის ქვეშ მოწყობილი ცენტრი, სადაც განთავსებულია ელექტროტექნიკა, გაკრულია ჰამასის პოსტერები. ამას გარდა, ცნობების მიხედვით, ჰამასის კომუნიკაციების ცენტრთან დამაკავშირებელი გვირაბი გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლის ქვეშაც გადიოდა. ელექტროენერგიას ობიექტი გაეროს კვების წყაროდან იღებდა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰამასის ობიექტის აღმოჩენამდე, გასულ დღეებში ისრაელი UNRWA-ს ტერორისტულ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. მათი ცნობით, ორგანიზაციის, სულ მცირე, 12 წევრს კავშირი ჰქონდა 7 ოქტომბრის თავდასხმასთან, რასაც 1 200-მდე ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ობიექტი დაათვალიერეს The Wall Street Journal-ისა და სხვა მედიების ჟურნალისტებმაც.

კომენტარები