აშშ-მექსიკის საზღვარი

ბაიდენი აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საპრეზიდენტო განკარგულებას განიხილავს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-მექსიკის საზღვარზე მესაზღვრეებს ესაუბრება, 8 იანვარი, 2023
Kevin Lamarque | Reuters

აშშ-ს კონგრესში საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის ფონზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საპრეზიდენტო განკარგულების მიღებას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას NBC News-ს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.

მათი თქმით, მექსიკა-ამერიკის საზღვარზე არსებული პრობლემის გადასაჭრელ გზებს ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. შესაძლო საპრეზიდენტო განკარგულებით, თეთრი სახლი შეეცდება, ამერიკის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაცია მანამდე შეაჩეროს, სანამ საზღვარზე მიგრანტების ნაკადი კიდევ გაიზრდება.

წინა თვეში, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები შემცირდა, მაგრამ დეკემბერში აშშ-ს სამხრეთი საზღვარი დღეში, რეკორდულად, საშუალოდ 10 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.

პარალელურად, დღეს აშშ-ს სენატმა ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მექსიკის საზღვარზე სიტუაციის რეგულაციასა და უკრაინა-ისრაელისთვის, ასევე ტაივანისთვის დახმარების ხარჯების გამოყოფას ითვალისწინებდა.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების წარმომადგენლებმა.

რესპუბლიკელი სენატორები კვლავ რჩებიან აზრზე, რომ სანამ საზღვრის კონტროლის პოლიტიკა არ გამკაცრდება, მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც მოკავშირე ქვეყნების დახმარებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიტიკა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი რესპუბლიკელთა გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპს აბრალებს.

კანონპროექტთან დაკავშირებული დავა უკვე მეოთხე თვეა რაც გრძელდება.

კომენტარები