პოლონეთი

პოლონეთის სეიმში შესვლის მცდელობისას ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციას დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება პოლონეთის პარლამენტთან
Agencja Wyborcza.pl/Slawomir Kaminski via REUTERS

პოლონეთის პარლამენტში ორი ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლის მცდელობის დროს ოპოზიცია პოლიციას დაუპირისპირდა. კანონი და სამართლიანობის (PiS) წევრ დეპუტატებს, მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს, მსჯავრდებულობის გამო მანდატები ჩამოართვეს, მაგრამ, მათი თქმით, "პოლიტიკური პატიმრები" იყვნენ და კვლავ დეპუტატებად რჩებიან. 

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ჩვენ დეპუტატები ვართ". - თქვა ვონშიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ვონშიკმა და კამინსკიმ PiS-ის სხვა წევრებთან ერთად სეიმში ძალით შესვლა სცადეს, რის გამოც პოლიციასთან დაპირისპირება მოუვიდათ. 

"ვარშავის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბატონი ვონშიკი და ბატონი კამინსკი არ არიან დეპუტატები, არაფერი შეცვლილა. ისინი არ დაიშვებიან, არ მისცემენ ხმას, პარლამენტის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ". - თქვა სხდომის დაწყებამდე პარლამენტის სპიკესაარმა, შიმონ ჰოლოვნიამ. 

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, იმ კანონებს, რომელთა მიღებაშიც კამინსკისა და ვონშიკს მონაწილეობა არ მიუღიათ, სასამართლოს გაუგზავნის, რათა მათი კონსტიტუციურობა შეამოწმოს. 

ძალაუფლების გადაჭარბების გამო დაკავების შემდეგ, 24 იანვარს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაჩიეი ვონშიკი ხელახლა შეიწყალა


10 იანვარს ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაჩიეი ვონშიკი დააკავა.

პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.

პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონშიკი სასამართლოს მიერ 8 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. პოლიტიკოსები დაკავებით გაკვირვებული იყვნენ, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. 

2015 წელს ვარშავის სასამართლომ მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ 2007 წლის ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბება ედებოდათ ბრალად.

2007 წელს კამინსკი პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთების ოპერაციებში დახმარებისთვის ქრთამს იხდიდნენ.

2015 წელს კამინსკი და ვონშიკი ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა 2023-ში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამავე პარტიის წევრია პრეზიდენტი დუდაც.

მთავრობის მიერ პოლიტიკოსების დაკავებას პარტია კანონი და სამართლიანობის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს. 

11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლებას ითხოვენ და ტუსკის მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. თვითონ დაკავებულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ შიმშილობას გამოაცხდებენ.

კომენტარები