როსავიაცია

WSJ: 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს რუსეთში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა გაორმაგდა

ALEXEY MALGAVKO/REUTERS

რუსეთში 2023 წელს საავიაციო ინციდენტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ღია მონაცემების შემსწავლელ კვლევით კომპანიებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა რუსეთში საავიაციო ინციდენტების მნიშვნელოვან ნაწილს უკავშირებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

The Wall Street Journal-ი გერმანულ კვლევით კომპანია Jacdec-ზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს გამოვლინდა მინიმუმ 74 ინციდენტი თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რომლებიც განკუთვნილი იყო მინიმუმ 19 მგზავრის გადასაყვანად. კვლევითი კომპანია Cirium-ის თანახმად კი, 2022 წელს დადასტურდა 36 ასეთი შემთხვევა, ხოლო 2023 წელს ყოველ 100 ათას ფრენაზე დაახლოებით 10 ინციდენტი მოხდა, 2022 წელს კი - 5.

გარდა ამისა, როგორც WSJ-ი წერს, გასულ წელს რუსეთში მომხდარი საავიაციო შემთხვევებიდან ყველა არ უკავშირდება სანქციებს. როგორც გამოცემა Jacdec-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ერთი ასეთი შემთხვევა იყო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება, რასაც თავად პრიგოჟინი და მასთან დაკავშირებული პირები ემსხვერპლნენ. 

თუმცა, ამის პარალელურად, გამოცემა წერს, რომ მონაცემებში ფიგურირებს ბევრი ისეთი შემთხვევა, რომელიც ექსპერტების აზრით, სანქციებს უკავშირდება. მათ შორის, ასეთია ფრენის დროს ძრავაში ხანძრის გაჩენის და სხვადასხვა ნაწილების გაუმართაობის გამო თვითმფრინავების ავარიული დაშვების შემთხვევები.

როგორც WSJ-ი გამოკითხულ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ზიანის ან სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მუდმივი ტექნიკური პრობლემები ქმნის მნიშვნელოვან რისკებს მგზავრებისთვის და ზრდის ზეწოლას პილოტებზე.

დასავლეთის მიერ რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოიცავს აკრძალვას დასავლეთის თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებზე, რომლებიც ემსახურებიან რუსული ავიახაზების თვითმფრინავებს და აწვდიან მათ სათადარიგო ნაწილების. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, არაერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ დაიწყო იმ თვითმფრინავებისთვის ფრენის ნების დართვა, რომელთაც ამის უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო არ ჰქონდათ. 

ამავდროულად, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ რუსეთში საჰაერო ტრანსპორტში "საავიაციო ინციდენტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება". პარალელურად, წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასეთი ტენდენცია არსებობს. კერძოდ, სექტემბერში, ნოვოსიბირსკის მახლობლად მომხდარი ავარიის შემდეგ, Novaya Gazeta Europe-მ დაწერა, რომ იანვრიდან აგვისტომდე რუსეთში სამოქალაქო თვითმფრინავებთან დაკავშირებით 120-ზე მეტი საჰაერო ინციდენტი მოხდა, რაც ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტია.

გარდა ამისა, გასულ წელს გამოცემა Newsweek-ი წერდა, რომ 2023 წელს რუსეთში ადგილობრივი ავიაკომპანიების თვითმფრინავების გაუმართაობასთან დაკავშირებული 180-ზე მეტი ინციდენტი დადასტურდა, რაც 3-ჯერ აღემატება 2022 წლის ჯამურ მაჩვენებელს. 

გამოცემა ამას უკავშირებდა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და ხაზს უსვამდა, რომ რუსულ კომპანიებს დამოუკიდებლად, ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, უწევთ საკუთარი თვითმფრინავების შეკეთება. ამასთან, სანქციების დაწესების შემდეგ რუსული კომპანიები აქტიურად მიმართავენ ე.წ. საავიაციო კანიბალიზმის პრაქტიკას, რაც გულისხმობს ზოგიერთი თვითმფრინავის დაშლას სხვებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოთავისუფლების მიზნით. 

კომენტარები