რუსეთი

ძრავის პრობლემების გამო კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია Россия-ს თვითმფრინავს სტავროპოლის ტერიტორიაზე, მინერალნიე-ვოდიში ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ავარიულად დაშვება მოუწია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი მინერალნიე-ვოდიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისს ასრულებდა. 

მოგვიანებით, როგორც სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა, ვლადიმირ ვლადიმეროვმა თქვა, ავარიულად დაშვებისას თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, დღეს, 8 დეკემბერს რუსული S7 Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა.

რუსული ტელეგრამ-არხ Baza-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 176 ადამიანიდან არცერთი არ დაშავებულა. რუსული სამთავრობო მედია Ria Novosti-ის ცნობით კი, თვითმფრინავს ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოუწია ავარიულად დაშვება. 

შემთხვევის შესახებ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა NHS-სთან თქვა, ცეცხლი თვითმფრინავის ორივე ძრავში გაჩნდა. თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

გასულ დღეს, 7 დეკემბერს კი ულან-უდეს აეროპორტიდან Авиастар-ТУ-ს ავიაკომპანიის Ту-204-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა, ხოლო ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი არ დაშავებულა.

აქამდე, 1-ელ დეკემბერს აეროფლოტის თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა დასაჯდომ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

კომენტარები