რუსეთი

რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მინდორში ავარიულად დაეშვა

ურალის ავიახაზების Airbus A320 მინდორში დაშვების შემდეგ. 2023 წლის 12 სექტემბერი 
The Moscow Times 

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში, სოფელ კამენკას მახლობლად რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მინდორში ავარიულად დაეშვა.

"ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი Airbus A320 სოჭიდან ციმბირის ქალაქ ომსკისკენ მიფრინავდა. 

როგორც რუსული სამთავრობო მედია საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, ბორტზე 159 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილზე დაშვება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ნოვოსიბირსკის აეროპორტში დაშვება მოითხოვა.

გარდა ამისა, როგორც Ria Novosti წერს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. 

ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ტრავნიკოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და მას ცეცხლი არ გასჩენია.

შემთხვევის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ხოლო სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია წერს, რომ ავარიული დაშვების წინასწარი მიზეზი ფრენისას ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობა გახდა.

სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა აღძრული.

კომენტარები