გიორგი გახარია

გახარია ივანიშვილთან დებატებზე: მას არ აქვს რესურსი, ამაზე უარი თქვას

გიორგი გახარია
Screenshot / Youtube: Giorgi Gakharia

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარ Youtube-არხზე დაიწყო ახალი გადაცემა გახარიას კვირა, რომელიც ჟურნალისტ თეონა გეგელიას მიჰყავს. გეგელიას თქმით, გადაცემა ყოველი კვირის ბოლოს გავა და მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებით ყოფილი პრემიერმინისტრი მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს.

გადაცემის პირველ ეპიზოდში, რომელიც Youtube-ზე დღეს აიტვირთა, გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებზე და მასში ივანიშვილის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, "ოცნების ნაბიჯები და ქმედებები ლოგიკურ ანალიზს აღარ ექვემდებარება" და ცვლილებებმა მმართველი პარტიის სისუსტე გამოაჩინა.

"მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ 3 წლის განმავლობაში, ეს გუნდი შეიძლება ასე დეგრადირებულიყო. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის უმიზნო, ერთმანეთზე გადაკიდებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ქვეყანაზე თუ ფიქრობენ, ისიც ხანდახან, თავისუფალი დრო როცა აქვთ. მათი მთავარი მიზანი არის კორუფცია, ერთმანეთთან ბრძოლა, ძალაუფლების გახანგრძლივება. ეს ყველაფერი პირველი, ივანიშვილის დაბრუნებით, შემდეგ ამ სამთავრობო გადაადგილებებით გახდა ნათელი". - თქვა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მიიჩნევდა, რომ ამგვარი დებატები აუცილებელი იყო, თუმცა ახლა თვლის, რომ, აუცილებელობის გარდა, ივანიშვილს "არ აქვს რესურსი, ამაზე უარი თქვას".

"მე შემიძლია მას დავპირდე, რომ არცერთ სიტყვას ამ დებატების დროს წარსულზე არ ვიტყვი. არცერთი სიტყვით წარსულს არ შევეხები, იმიტომ, რომ მე მაქვს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ამ დეგრადირებული და დასუსტებული ოცნების სახით, რომელიც საზოგადოებამ დაინახა, არ მივცე შესაძლებლობა, ამით ისარგებლოს ნაციონალურმა მოძრაობამ. შეუძლებელია ვერ ხედავდეს დღეს საზოგადოება იმას, რომ დასუსტებული, არარაციონალური, დეგრადირებული ოცნება, პირველ რიგში, ჩვენთვის წარმოადგენს უზარმაზარ რისკს, თეორიული შესაძლებლობაც არ გაჩნდეს იმის, რომ ნაციონალური მოძრაობა ოდესმე, ოდესმე, ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში დაბრუნდეს.[...]

იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი ამას გაითვითცნობიერებს, იმედი მაქვს, რომ ის შევა პოლიტიკურ პროცესში რეალურად, იმედი მაქვს, რომ ის გახდება საარჩევნო კამპანიის სახე, იმედი მაქვს, რომ მას მოუწევს გაითვითცნობიერებს ამას და მიიღებს ამ დებატებში მონაწილეობას.[...]

თუ ის არ გახდა ამ პოლიტიკური პროცესის, ოცნების კამპანიის სახე და ლიდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ ან აყალბებს, ან ის შეეგუა აზრს, რომ დაუთმოს ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას". - თქვა გახარიამ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ახლადარჩეული საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში 10 იანვარს გამოიწვია.

კომენტარები