ბიძინა ივანიშვილი

გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ახლად არჩეული საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამის შესახებ მან 2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე ისაუბრა. მის სრულ განცხადებას თავად პარტია ავრცელებს. 

გახარიას თქმით, იგი ივანიშვილთან დებატებისთვის მზად ნებისმიერ ფორმატშია:
"სამართლებრივად - მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად - მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად - ნებისმიერი დამსწრის პირობებში".

ამასთან, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და ქართული ოცნების ყრილობაზე მის საჯაროდ გამოსვლასთან დაკავშირებით, გახარიამ აღნიშნა: "იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე". გახარიას თქმით, ივანიშვილმა პარტიაში 2-3 ადამიანისთვის კონსულტაციებისთვის მიცემაზე საუბრით "აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება".

"ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ვერავინ ვერსად პასუხისმგებლობას ვერ დაემალებოდა. ეს არის, ახლა რაც ხდება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯია. მაგრამ, კარგია რომ ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ბევრი რამ აღიარა: აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა! აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებს... ორს, სამს, ოთხს... ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს; აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება. იმედი მაქვს, ხვდება, ქვეყანასაც ვერ დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია და აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია. სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის მიზეზის ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუსმენდი, ადამიანურად შემეცოდა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არც ერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა... 

რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩერებდა. ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად, დეტალურად იცოდა ამ გადადგომის მიზეზები. შესაბამისად, ბოლო სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან [იწყევლებოდა], შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების პირით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას განაგრძობს. შესაძლოა ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს? არ ვიცი. სინამდვილეში მაგიური კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხიც და გუნდიც, რომ მის სიტყვას არანაირი ფასი აღარ აქვს! სწორედ ამიტომ, ის წყევლას გააგრძელებს.

მე მარტივი მიდგომა მაქვს. მსგავსი ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ვალდებულია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და მე ველოდები ამ ნაბიჯებს. მეტიც, ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად - მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად - მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად - ნებისმიერი დამსწრის პირობებში. რადგან სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების ქართული ტრადიციული წესი და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.

ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება. და ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ!" - აღნიშნავს გიორგი გახარია. 

30 დეკემბერს ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მოგვიანებით, იმავე დღეს ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ ახლად შემოღებულ თანამდებობაზე სწორედ ივანიშვილი აირჩია. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების" გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას". - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გახარიას დროს მმართველ პარტიას რომ არ დახმარებოდა, "უმძიმესი სცენარი იქნებოდა".

"მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება". - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები