სომხეთი

სომხეთი NATO-ს უახლოვდება – ხავიერ კოლომინა

ხავიერ კალომინა და ნიკოლ ფაშინიანი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას თქმით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლვდება. ამის შესახებ კოლომინა 31 იანვარს Armenpress-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საუბრობდა.

"ძალიან გვამხნევებს სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან დაახლოებაში და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს". – თქვა კოლომინამ.

კოლომინას თქმით, სომხეთის ლიდერებმა ის გასულ კვირაში შეხვედრის დროს დაარწმუნეს, რომ NATO-სთან კოოპერაციას გაზრდიან. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები ამჟამად მუშაობენ "ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამაზე", რომელიც NATO-სა და სომხეთის ახლო პარტნიორობას ფორმას მისცემს. კოლომინას არ დაუზუსტებია გეგმის დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ ის "საკმაოდ ამბიციურ მიზნებს" დასახავს.

კოლომინას სიტყვებს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა და დაიმუქრა, რომ NATO-სთან ერევნის დაახლოებას სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მეტი დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია.

"უკვე ვნახეთ NATO-სთან სიახლოვე ზოგიერთ ქვეყანას რას უკეთებს: კონფლიქტებში ჩაბმა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, ყველა სფეროში უცხოურ გეგმებზე დაყოლიება და, რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობა. უმჯობესი იქნება სომხეთმა რუკა გადაშალოს და დახედოს რეგიონს, რა ქვეყნებს შორის არის. დასავლეთი ყველას აძლევს პირობებს, ნეტავ რომელი მათგანი შესრულებულა და სად". – თქვა ზახაროვამ.

გასულ აგვისტოში სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მისი მთავრობა "უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას" აპირებდა, რადგან რუსეთზე დიდხნიანი დამოკიდებულება "სტრატეგიული შეცდომა" იყო. ის ამბობდა, რომ რუსეთ ან არ უნდა ან არ შეუძლია სომხეთის დაცვა. ამის შემდეგ მოსკოვში სომხეთის პრემიერ რუსეთთან ურთიერთობების დასავლეთის სასარგებლოდ განადგურებაში სდებდნენ ბრალს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე სომხეთმა თავდაცვის სფეროში საფრანგეთთან დაახლოება დაიწყო.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში ჯერჯერობით ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებენ.

კომენტარები