სამთავრობო ცვლილებები

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

"ქართული ოცნების" მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამასთან, მის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

"ერთხმად დამტკიცებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი სამწლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე "გუნდთან ერთად" იმსჯელა.

ირაკლი ღარიბაშვილი პირველად პრემიერმინისტრად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა, ორ წელში, 2015 წელს მან თანამდებობა და პარტია დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2019 წელს დაბრუნდა, როგორც თავად თქვა, "გუნდის პრობლემების გამო". ის პარტიის პოლიტიკური მდივანი, მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრი გახდა. 2021 წლის 18 თებერვალს კი, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრად მეორედ წარადგინა.

კომენტარები