ბექა ვარდოსანიძე

ვერ გავაგრძელებ მაუწყებლობას – გამოკითხვის შემდეგ, ბექა ვარდოსანიძემ მოდულის შენობა დატოვა

სუს-ში პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ, ვარდოსანიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას ტექნიკა ჩამოართვეს, რის გამოც, "მაუწყებლობას" ვეღარ გააგრძელებს. 

"მე დასამალი არაფერი არა მაქვს... ტექნიკური საკითხია. ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ელექტრონული ფოსტა და მიმოწერები და ა.შ. ინტერნეტმა გვაწამა რასაც ჰქვია, იმიტომ, რომ ცუდი სიხშირე იყო და მაგის გამო გაგვეწელა დრო... ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ახლა, უბრალოდ, ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას, ინფორმაციის გაგრძელებას და ეგ არის რა". - თქვა ვარდოსანიძემ გამოკითხვის შემდეგ.

კითხვაზე, ვის შეიძლება მისი ელექტრონული ფოსტიდან ტერორისტული მუქარის შემცველი შეტყობინებები გაეგზავნა, ვარდოსანიძემ უპასუხა, რომ "ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს, ვინც პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, რაღაცა პრივილეგიები დაკარგა ან გრანტები, შეიძლება გამწარებული იყოს".

"ცოტა არ იყოს სახუმაროა, რომ ჩემი სამუშაო ფოსტიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან და კომპანიებთან ურთიერთობა მაქვს წლების განმავლობაში, აქედან ხდება, ანუ მე გიჟი უნდა ვიყო, რომ რომელი მეილიც ასოცირებულია ჩემთან, უნდა გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები". - თქვა პუტინისტური ალტ-ინფოს წევრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს მომხდარს ანდრია ჯაღმაიძესთან დაპირისპირებას, ვარდოსანიძემ თქვა, რომ არ იცის და "დრო ისე ემთხვევა, რომ პოლიტიკური ცვლილება დაიწყო და ხდება ეს. ვერაფერს დავაკავშირებ ჯერჯერობით".

დღეს, 31 იანვარს კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელი ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა უწყებაში აფეთქებასთან დაკავშირებით შესული ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები ვარდოსანიძის პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაიგზავნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს შეტყობინებები მიიღეს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. სუს-ის ინფორმაციით, გაატარეს სპეციალური ღონისძიებები ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, თუმცა, ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა ვერ იპოვეს. 

"ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორ უწყებებს" - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გარდა ამისა, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები საზღვარგარეთიდან გალერეა თბილისში ტერორისტული თავდასხმის შესახებაც მიიღეს.

კომენტარები