სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს: ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარებას ვთხოვთ პარტნიორ უწყებებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 21 იანვარს შეტყობინებები მიიღეს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. სუს-ის ინფორმაციით, გაატარეს სპეციალური ღონისძიებები ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, თუმცა, ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა ვერ იპოვეს.  

"ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორ უწყებებს" - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გარდა ამისა, სუს-ის ცნობით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები საზღვარგარეთიდან მიიღეს გალერეა თბილისში ტერორისტული თავდასხმის შესახებაც.

"ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფ კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებულია შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი" - ნათქვამია განცხადებაში.

21 იანვარს ჩატარებული ოპერაციის პარალელურად სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული მუქარის შემცველი პოსტები, რომელთა ავტორიც ირწმუნებოდა, რომ ჰქონდა უკანონოდ შეძენილი იარაღი, ასევე ფეთქებადი ნივთიერებები და ბათუმში გარკვეულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა. ტელეგრამ-არხი, რომელზეც გამოქვეყნებული პოსტები რუსულ ენაზე იყო დაწერილი და მხოლოდ რამდენიმე დღის შექმნილი იყო, აღარ იძებნება.

21 იანვარს ბათუმში ოთხ სავაჭრო ცენტრში, მეტრო სითიშიგრანდ მოლშიბათუმი პლაზასა და ბათუმი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა. 20 იანვარს კი, შეტყობინების მიღების გამო გამნაღმველები ბათუმის აეროპორტში მუშაობდნენ.

კომენტარები