ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის გადაცმულმა ჯარისკაცებმა დასავლეთ სანაპიროს საავადმყოფოში სამი ტერორისტი მოკლეს

პალესტინურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების Shayetet 13-ის ქვედანაყოფის მიერ, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოში სპეცოპერაციის ჩატარების პროცესი ჩანს.

ისრაელელი ჯარისკაცები იბნ სინას საავადმყოფოში რეიდის დროს სამედიცინო პერსონალისა და სამოქალაქო ტანისამოსში იყვნენ გადაცმულები. რეიდის ფარგლებში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საავადმყოფოში მყოფი სამი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, ტერორისტები საავადმყოფოს დასამალ ადგილად იყენებდნენ, ხოლო ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ცნობით, მოკლული პირები ჯენინის ბრიგადის წევრები იყვნენ.

IDF-ის ინფორმაციით, მიზანში ამოიღეს ჰამასის ტერორისტი მუჰამედ ჯალამნეჰი, რომელიც "ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ცდილობდა ტერორისტული ქმედებების წახალისებას და ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოში იმალებოდა". დანარჩენი ორი ტერორისტი, ძმები მუჰამედ და ბასელ ღაზავები არიან. მუჰამედი ერთ დროს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელ ჯარისკაცებთან ორმხრივ სროლაში იყო ჩართული, ხოლო მისი ძმა, ბასელი პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო.

საერთო განცხადებაში IDF-მა, პოლიციამ და შინ ბეთის სამსახურმა თქვეს, რომ ტერორისტული უჯრედის ლიდერს, 27 წლის მუჰამედ ჯალამნეჰს, უცხოეთში ჰამასის ლიდერებთან ჰქონდა კონტაქტი და მანამდე, მანქანა-ბომბით თავდასხმის მომზადების დროს იყო დაშავებული. ისრაელის ცნობით, ტერორისტული უჯრედი, სავარაუდოდ, მყისიერ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სპეცოპერაცია 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები