ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ბრალდებით, გაეროს სააგენტოს თანამშრომლები 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA) ღაზის სექტორში
Mahmud HAMS / AFP

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლები 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩართულობაში დაადანაშაულა, ქვეყნებმა აღნიშნული სააგენტოსთვის დამატებითი დაფინანსების შეწყვეტა გამოაცხადეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა UNRWA-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ღაზაში გაეროს სააგენტოს 12 თანამშრომელს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობაში ამხელს. ამერიკულ გამოცემა CNN-თან ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ისრაელის მხარემ აშშ-საც გაუზიარა.

ამასთანავე, 27 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ივარაუდეს, რომ გაეროს პერსონალის თავდასხმაში ჩართულობის გარდა, ჰამასი UNRWA-ს დაწესებულებებს "ტერორისტული მიზნებისთვისაც" იყენებდა.

მოგვიანებით, UNRWA-ს ხელმძღვანელმა ფილიპე ლაცარინიმ თქვა, რომ ისრაელისგან სააგენტოს "რამდენიმე თანამშრომელზე (რედ. თავდასხმაში) სავარაუდო ჩართულობაზე ინფორმაცია მიიღო". ხოლო ღაზაში დახმარების მიწოდების მხრივ სააგენტოს უნარიანობის დასაცავად მან გადაწყვიტა, რომ ჩამოთვლილ "პერსონალს დაუყოვნებლივ შეუწყვიტონ კონტრაქტი და სიმართლის დასადგენად გამოძიება დაიწყონ".

გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-მ, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, იტალიამ, კანადამ, ფინეთმა, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა UNRWA-სთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა შეაჩერეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა კი დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, ღაზაში UNRWA-ს სააგენტოსთვის დაფინანსების შეწყვეტას შეერთებოდნენ.

დღეს, 28 იანვარს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ 12 თანამშრომლისგან გაერომ 9 წევრი გაათავისუფლა, ერთი მათგანი გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენი ორის ვინაობის დაზუსტდება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გუტერეშის თქმით, "ნებისმიერი გაეროს თანამშრომელი, რომელიც ტერორისტულ აქტებში იყო ჩართული, პასუხს აგებს, მათ შორის სისხლის სამართლის წარმოების შედეგადაც".

კომენტარები