გამოსახლება

თსუ: პროფესორები მზად არიან, თავდებში დაუდგნენ აკაკი ჩიქობავას – მიუღებელია დესტრუქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული თსუ-ს მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას საქმეს გამოეხმაურა

თსუ-ს განცხადებით, უნივერსიტეტი უსაფრთხო გარემოს ქმნის როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას". - წერია განცხადებაში. 

როგორც უნივერსიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ისინი მიუღებლად მიიჩნევენ დესტრუქციულ ქმედებებსა და ულტიმატუმის ენით საუბარს. 

"ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება". - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში. 


23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დაკავებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს.

კომენტარები