გამოსახლება

კეკელიძეზე დაკავებულთა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონიძისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. ინფორმაციას ტაბულას ადვოკატი გურო იმნაძე უდასტურებს.

ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალდება 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები