ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელთან საკითხის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრაზე უარს ვამბობთ – ჰამასის ლიდერი

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანი და პოლიტბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ხალედ მაშალი

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა და პოლიტბიუროს ყოფილმა თავმჯდომარემ ხალედ მაშალმა განაცხადა, რომ ჰამასისთვის ისრაელი-პალესტინის საკითხის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრა მიუღებელია. მაშალის ინტერვიუს ახლო აღმოსავლეთში მდებარე დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი MEMRI ავრცელებს.

"ჩვენ (რედ. ჰამასს) ორი სახელმწიფოს პრინციპით პრობლემის გადაჭრასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ ამ წარმოდგენას უარვყოფთ". - ამბობს ხალედ მაშალი. მისი თქმით, პალესტინური სახელმწიფოს დაარსების პირობის მიღებასთან ერთად, ჰამასს მეორე სახელმწიფოს ლეგიტიმურობის აღიარება მოუწევს, რომელიც "სიონისტური სხეულია". შესაბამისად, ჰამასის სრულად უარყოფს ისრაელის სახელმწიფოს ლეგიტიმურობას.

"ეს მიუღებელია. ჩვენ მოვითხოვთ, გავთავისუფლდეთ, ოკუპაცია მოვიშოროთ და გვქონდეს დამოუკიდებლობა და ჩვენი სახელმწიფო". - თქვა მან და განაგრძობს: "ისრაელი ჩვენი მტერია და ის ჩვენი საზრუნავი არაა".

ჰამასის ლიდერის მიხედვით, ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმით დაწყებულმა ომმა ჰამას ახალი შესაძლებლობების კარი გაუხსნა. მაშალის თქმით, "ჰამასისა და პალესტინელი ხალხის დიდი უმრავლესობის პოზიცია, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, ისაა, რომ მდინარიდან ზღვამდე, და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე პალესტინის" შექმნის იმედი განახლდა.

"ამ სლოგანს აშშ-სა და დასავლეთის დედაქალაქებშიც ყვირიან ამერიკელი და დასავლელი ხალხი. "მდინარიდან ზღვამდე პალესტინა გათავისუფლდება" - ეს ამერიკელი და ევროპელი სტუდენტების სლოგანია". - ამბობს ხალედ მაშალი ვიდეოში.

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ლიდერის თქმით, არაბ სახელმწიფოებთან საერთო ნიადაგის საპოვნელად და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების მიზნით, ჰამასი 1967 წლის საზღვრების ფარგლებში სრულად დამოუკიდებელ სახელმწიფოს დათანხმდა, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იქნება. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ ჩამოთვლილ პირობებს ჰამასი "სიონისტური სხეულის" (რედ. ისრაელის) ლეგიტიმურობის აღიარების გარეშე ითხოვს.

კომენტარები