რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთის პრემიერი: რუსეთის შესაჩერებლად უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
Attila Kisbenedek/AFP via Getty Images

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ შაბათს, 20 იანვარს, განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერების ერთადერთი გზა, კიევის მიერ ტერიტორიების დათმობაა. ფიცომ ასევე დაამატა, რომ იგი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

"რაიმე სახის კომპრომისი უნდა არსებობდეს", თქვა ფიცომ სლოვაკურ სამაუწყებლო კომპანია RTVS-სთან საუბრისას, "რას მოელიან, რომ რუსეთი ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს დატოვებს? ეს არარეალურია".

24 იანვარს სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსა და უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს შორის შეხვედრაა ჩანიშნული. ფიცოს თქმით, შეხვედრაზე იგი შმიგალს ეტყვის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ვეტოს დაადებს: "ეს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი იქნება, მეტი არაფერი". - თქვა მან.

ამასთანავე, ფიცო აპირებს უკრაინის პრემიერმინისტრს დაუდასტუროს, რომ სლოვაკეთის მთავრობისგან "უკრაინა ვერანაირ შეიარაღებას მიიღებს". სლოვაკეთის პრემიერის თქმით, "უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო არ არის", რადგან ის "მთლიანად აშშ-ს გავლენისა და კონტროლის ქვეშაა".

რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

კომენტარები