სტალინის გამოსახულება ხატზე

მინდიაშვილი პაპუაშვილზე: არღვევს ეთიკას, უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს

ბექა მინდიაშვილი/შალვა პაპუაშვილი

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, პაპუაშვილი თავისი განცხადებით უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური მანიპულირების სურვილს გამოხატავს.

"პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული ჩემი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა.

აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის "დაცვის" მცდელობა ფარისევლობაა.

ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძელებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ.

ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს". - წერს მინდიაშვილი.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა მინდიაშვილს "ქართული ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი" უწოდა და ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

"მივმართავ სახალხო დამცველს. როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს. იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება". - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს ტელეკომპანია იმედის ეთერში უპასუხა ლევან იოსელიანმა და თქვა, რომ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებებზე ომბუდსმენი პასუხისმგებელი ვერ იქნება.

"შეიძლება, ბატონ შალვას არ აქვს ინფორმაცია, სახალხო დამცველის სტრუქტურული ნაწილი არ არის ტოლერანტობის ცენტრი. ტოლერანტობის ცენტრი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და შესაბამისად, მისი წარმომადგენლის ან ხელმძღვანელის განცხადებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება სახალხო დამცველი... არავის განცხადებაზე, ვერავის გადაწყვეტილებაზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, გარდა იმისა, რაც მომზადდება ამ შენობაში აპარატის მიერ და რაზეც მე ვიქნები პასუხისმგებელი... სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც თავისი შეხედულებებით აკეთებენ განცხადებებს". - თქვა იოსელიანმა.

კომენტარები