ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ომის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება – ნეთანიაჰუ აშშ-ს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰამას-ისრაელის ომის დამთავრების შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას უარყოფს და პირობა დადო, რომ ამ საკითხზე აშშ-ს წინააღმდეგობას გაუწევს.

"ნებისმიერ სამომავლო მოწყობაში, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ისრაელს სჭირდება, რომ უსაფრთხოებაზე კონტროლი იორდანიის დასავლეთით არსებულ მთელ ტერიტორიაზე დაამყაროს". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია ამერიკულ მხარეს უკვე გაუზიარა. "პრემიერმინისტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უარი უთხრას თავის მეგობრებს". - თქვა მან.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მოქალაქეების უმრავლესობა პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი შეტევის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ ჰამასზე "სრულ გამარჯვებას" არ მოიპოვებს.

საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე თქვა, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრა ღაზაში პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე ვერ მოხერხდება.

ამ მხრივ, აშშ-სა და ისრაელს შორის ღაზის სექტორში ომის დამთავრების შემდეგ პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით არსებულ წარმოდგენებზე სხვაობა იკვეთება. აშშ-ს პოზიციით, აუცილებელია, საკითხი "ორი სახელმწიფოს პრინციპით" გადაიჭრას. ეს პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რასაც ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ეთანხმება.

კომენტარები