საქართველო-ჩინეთი

გეგელია: ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება არის დასავლეთზე პოლიტიკური რევანში

ქართული ოცნების მიერ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ჩინეთში დელეგაციის გაგზავნასთან დაკავშირებით ტაბულა პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს წევრს, გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მიესალმებიან, თუმცა, პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთის წინააღმდეგ გამიზნულ რევანშად აფასებენ.

"პირველ რიგში, ჩვენ, ლელო ცალსახად მივესალმებით ჩინეთთან ვაჭრობას, ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის, როგორც მცირე სახელმწიფოსთვის არის და უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამიტომ, ფუნდამენტურად მცდარია საკითხის ისე დაყენება, თითქოს, რაიმე კრიტიკული აზრის ქონა ამ საკითხზე ნიშნავს ვაჭრობის და ეკონომიკის გაღრმავების წინააღმდეგ ყოფნას. კრიტიკის საგანი არის პოლიტიკურ-ღირებულებითი კუთხით ე.წ. სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება". - ამბობს გეგელია.

ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ისტორიულ სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირთან, მათ შორის, ბალტიისპირეთთან და პოლონეთთან, ასევე, უკრაინასთან ურთიერთობების გასაფუჭებლად ქართულმა ოცნებამ "რუსეთის პირდაპირი დავალებით" ყველაფერი გააკეთა, ამ ფონზე კი "ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება, ეს არის, დიახაც, გამიზნული პოლიტიკური რევანში დასავლეთის წინააღმდეგ და ეს ასეთად უნდა იქნას აღქმული".

გეგელია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი ჩინეთი ვერ გახდება და ამ სფეროში პეკინი ვერ შეძლებს NATO-სა და ევროკავშირის ჩანაცვლებას.

"კიდევ ერთი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის საკითხის ფუნდამენტურად მცდარად დაყენება იმ კუთხით, რომ ჩინეთი შეიძლება იყოს საქართველოს სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტორი. ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ გაცხადებული კურსი იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის ჩვენი სუვერენულობის და ჩვენი სტაბილურობის გარანტია - ეს არის NATO და ეს არის ევროპის კავშირი. ეს არის კონსტიტუციურ დონეზე განცხადებული, ამას აქვს ყველაზე მაღალი სახალხო ლეგიტიმაცია ჩვენს სახელმწიფოში და ეს არ არის ყოველთვის თანხვედრაში ჩინეთის მიერ განცხადებულ პოლიტიკასთან. ჩინეთი არ მალავს, რომ ის არის ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის შექმნის მხარეს, ჩინური მსოფლიო წესრიგის შექმნის მხარეს. ჩინეთი პირდაპირ ამბობს, რომ არ ემხრობა, მაგალითისთვის, NATO-ს გაფართოებას.

ჩვენ ვხედავთ აშკარა ღირებულებით წინააღმდეგობას ამ ორ პლატფორმას შორის. ორი კლუბის ნაწილი თანადროულად ერთი და იგივე მასშტაბით, პროპორციით და სერიოზულობით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება. ამ შეთანხმებაში, ე.წ. სტრატეგიულ მემორანდუმში არის ძალიან ბევრი ბუნდოვანება და იკითხება ისეთი რაღაცები, რაც უბრალოდ არ არის და განმარტებითვე, ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში". - ამბობს გეგელია.

15 იანვარს ირაკლი კობახიძის მეთაურობით ქართული ოცნების დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. კობახიძის თქმით, "ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის".

27 ივლისს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა. 

27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

კომენტარები