ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

კატარი და საფრანგეთი ღაზაში მედიკამენტების ერთობლივ მიწოდებაზე შეთანხმდნენ

REUTERS/Mohammed Salem

კატარის და საფრანგეთის წარმომადგენლები ღაზის სექტორში მედიკამენტების და ჰუმანიტარული დახმარების ერთობლივად მიწოდებაზე შეთანხმდნენ. კატარმა და საფრანგეთმა დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ასევე ისრაელთან და ჰამასთან მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, გადაუდებელი და აუცილებელი წამლები მიეწოდებათ ჰამასის ტყვეობაში მყოფ 45 ისრაელელ მძევალს და ასევე, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემათ ღაზის სექტორში მყოფ ყველაზე დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობას. როგორც ცნობილია, 45 ისრაელელ ტყვეს რამდენიმე თვის სამყოფი მედიკამენტების ინდივიდუალური შეკვრები გაეგზავნებათ. 

კატარის და საფრანგეთის ცნობით, დახმარება 17 იანვარს კატარიდან ეგვიპტეში გაიგზავნება და შემდეგ რაფას დერეფნის გავლით ღაზის სექტორში ჩავა. ინფორმაცია დახმარების რაოდენობის და მედიკამენტების ტიპების შესახებ არ გავრცელებულა. უშუალოდ ღაზის სექტორში მედიკამენტების და დახმარების გადანაწილებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გააკონტროლებს. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების ცენტრის უფროსმა ფილიპ ლალიომ თქვა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა და ინიციატორები ისრაელელი ტყვეების ოჯახის წევრები იყვნენ. 

კომენტარები