ყირგიზეთი

თავდასხმა დამოუკიდებელ ყირგიზულ მედიებზე, ძალოვნებმა სახლები გაჩხრიკეს, არიან დაკავებულები

პოლიციას მედია 24.kg-დან გამოყავს გენერალური დირექტორი ასელ ოტორბაევა, ბიშკეკი, 2024 წლის 15 იანვარი
Azattyq.org

როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზეთის ოფისი წერს, ბიშკეკში, ძალოვანი სტრუქტურების მიერ დამოუკიდებელ მედიებზე მასიური თავდასხმა მოხდა.

15 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები გამოცემა 24.kg-ს რედაქციაში შეიჭრნენ. ძალოვნებს ნიღბები ეკეთათ და ჟურნალისტებს ადგილზე გადაღება აუკრძალეს.

სამართალდამცავებმა რედაქციიდან ამოიღეს ტექნიკა. ასევე დაკითხვაზე წაიყვანეს დირექტორი ასელ ოტორბაევა და მთავარი რედაქტორი მახინურ ნიაზოვა. ოტორბაევა რედაქციის გარეთ შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებზე ცდილობდა პასუხის გაცემას, როდესაც ნიღბიანმა პირებმა ის მიკროავტობუსში ძალით ჩასვეს.

ნიაზოვამ მოასწრო იმის თქმა, რომ საქმე ეხება ერთ-ერთ პუბლიკაციას უკრაინის შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკითხვაზე წაიყვანეს კიდევ ერთი რედაქტორი ანტონ ლამირი.

კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ჩხრეკა და დაკითხვა "ომის პროპაგანდის" მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. სხვა დეტალები უცნობია, ვინაიდან ჟურნალისტებმა ინფორმაციის გაუვრცელებლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ჟურნალისტების აზრით "ომის პროპაგანდად" მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ 24.kg დეტალურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს. გამოცემა 2023 წელს დაიბლოკა რუსეთში. 

16 იანვრის დილას ბიშკეკში ჩხრეკა განახლდა. ამჯერად სამართალდამცავები მედიების Temirov Live, Ayt Ayt Dese და PolitClinica ჟურნალისტების სახლებში მივიდნენ. სულ გაჩხრიკეს 7 ჟურნალისტის საცხოვრებელი.

ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით ოფიციალურ ჩხრეკის მიზეზად ძალოვნებმა "მასიური არეულობის" მუხლით დაწყებული გამოძიება დაასახელეს. სამართალდამცავებმა რამდენიმე ჟურნალისტი დაკითხვაზე წაიყვანეს.

 

კომენტარები