ფინეთი-რუსეთი

ფინეთიდან რუსების დაფუძნებულ 20 კომპანიას რუსეთში სამხედრო მნიშვნელობის საქონელი გააქვს

20-ზე მეტ ფინურ კომპანიას რუსეთში სამხედრო მნიშვნელობის საქონელი გააქვს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE ავრცელებს.

ჟურნალისტურ გამოძიების მიხედვით, სამხედრო საქონელს უკრაინასთან ომში მყოფ რუსეთს მცირე ზომის ლოგისტიკური და ექსპედიტორული კომპანიები აწვდიან, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების მიერ არის დაფუძნებული. 

მაგალითისთვის ქალაქ ლაპენრანტთან დაფუძნებულმა კომპანიამ რუსეთში ჩიპები, დიზელის ძრავები, საწვავის ტუმბოები და სხვა ნაწილები გაგზავნა. ჟურნალისტების თქმით ანალოგიურ პროდუქციას პოულობენ უკრაინაში განადგურებულ სატრანსპორტო საშუალებებში. გამოძიების ავტორების მონაცემებით, ასეთი კომპანიების მინიმუმ 2 დამფუძნებელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წევრია, ხოლო 9 ადამიანს სხვადასხვა ფორმით კავშირი აქვს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან.

რუსი ემიგრანტების მიერ ფინეთში დაფუძნებული კომპანიები პირდაპირ აწვდიან საქონელს, ან საექსპორტო შუამავლის როლს ასრულებენ.

ერთ-ერთი კომპანიის რუსმა დამფუძნებელმა ჟურნალისტების ბრალდება კატეგორიულად უარყო:

"მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის საქონელი არ გამოიყენება თავდაცვით მრეწველობაში".

კომენტარები