პერუ

სამთვიანი კვლევის შემდეგ, პერუში დაადგინეს, "უცხოპლანეტელთა" მუმიები ქაღალდით დამზადებულია

არქეოლოგი ფლავიო ესტრადა
AP Photo/Martin Mejia

რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, პერუელმა კრიმინალისტმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ორი თოჯინის მსგავსი ფიგურა და სამთითიანი ხელის ფორმის ნივთი, რომლებიც საბაჟო სამსახურმა გასული წლის ოქტომბერში საზღვარზე ამოიღო, უცხოპლანეტელებს არ ეკუთვნით.

ოქტომბერში ჩამორთმეული ფიგურები მექსიკისკენ მიჰქონდათ.

პერუელმა კრიმინალისტიკის ექსპერტებმა თქვეს, რომ ობიექტები დამზადებულია ქაღალდით, წებოთი, ლითონით, ადამიანისა და ცხოველების ძვლებით.

ექსპერტ-კრიმინალისტების თქმით, აღმოჩენა უარყოფს ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებას, რომ ფიგურები "უცხოპლანეტელთა ცენტრიდან ან სხვა პლანეტიდანაა, რაც აბსოლუტური სიცრუეა". 

"დასკვნა მარტივია: ეს არის თოჯინები, აწყობილი ამ პლანეტის ცხოველთა ძვლებით, თანამედროვე სინთეზური წებოთი, შესაბამისად, ისინი კონტინენტზე ესპანელთა ჩამოსვლამდე აწყობილი ვერ იქნება. ეს არ ეკუთვნით არამიწიერებს, ეს არაა უცხოპლანეტელების". – თქვა პერუელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა, ფლავიო ესტრადამ.

პერუს პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუდგენია, თუ ვის ეკუთვნის ნივთები. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ობიექტები მექსიკის მოქალაქეს უნდა მიეღო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, გასული წლის სექტემბერში ხუმრობის საგნად იქცნენ მექსიკელი ჟურნალისტი, ხოსე ხაიმე მაუსანი და რამდენიმე მექსიკელი დეპუტატი, რომლებმაც ქვეყნის კონგრესში წარმოადგინეს ორი ყუთი, რომელშიც მათი მტკიცებით, პერუში ნაპოვნი უცხოპლანეტელთა მუმიები იდო. მექსიკელი ჟურნალისტები, სხვებთან ერთად, ირწმუნებოდა, რომ ესენი იყვნენ "არაადამიანური არსებები, რომლებიც ჩვენს მიწიერ ევოლუციას არ ეკუთვნიან". 

ნოემბერში მაუსანი მექსიკის კონგრესის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა, ამჯერად პერუელ ექიმებთან ერთად და სამი საათის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ პერუში აღმოჩენილი ფიგურები "არამიწიერ არსებებს" ეკუთვნოდათ. ის ამავეს ამბობდა 2017 წელს "სხეულზე", რომელიც აღმოჩნდა, რომ ასევე იყო "მცირე ხნის წინ დამზადებული თოჯინა, რომელიც დაფარული იყო ქაღალდითა და სინთეზური წებოთი, რათა კანის სიმულაცია შეექმნა".

საბოლოოდ, 2023 წელს საბაჟო სამსახურის მიერ აღმოჩენილ თოჯინებთან დაკავშირებით ექსპერტებმა თქვეს, რომ ორი "სხეული" აწყობილი იყო ჩიტების, ძაღლისა და სხვა ცხოველების ძვლებით, ხოლო "სამთითიანი ხელი", რომელიც რენტგენის აპარატითაც შეამოწმეს, შექმნილი იყო ადამიანის ძვლებით, ექსპერტთა შეფასებით, "ძალიან ცუდად".

კომენტარები