მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში დაიწყეს

იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ერთ-ერთ სატვირთო გემზე თავდასხმისას, 2023 წლის 20 ნოემბერი
Handout/Getty Images  

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.

ეს არის პასუხი ბოლო პერიოდში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო სატვირთო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლა შეაფერხა.

დარტყმები უკვე განხორციელდა დედაქალაქ სანასა და წითელ ზღვაზე ჰუსიტების დასაყრდენ პორტზე, ჰუდეიდაზე.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს ანონიმურობის დაცვით უთხრეს, რომ თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.

ითვლება, რომ 2016 წლის შემდეგ ეს არის აშშ-ს მიერ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებული პირველი დარტყმა.

თავდასხმის დაწყება დაადასტურა ჰუსიტების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდულ ქადერ ალ-მორტადამაც.

"ამერიკულ-სიონისტურ-ბრიტანულმა აგრესიამ იემენის წინააღმდეგ წამოიწყო რამდენიმე რეიდი დედაქალაქ სანაზე, ჰუდეიდას გუბერნიაზე, საადასა და დამარზე". - წერს ალ-მორტადამი X-ზე.

თავდასხმის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თავისი კაბინეტის წევრებთან შესაძლო იერიშთან დაკავშირებით გამართა შეხვედრა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი მთავრობის წარმომადგენელი, ლეიბორისტი ჩრდილოვანი თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი და პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარე, სერ ლინდსი ჰოილიც შეუერთდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმების "შემაშფოთებელი ზრდა" და გლობალურ გადაზიდვებზე, მათ შორის, სუეცის არხის გავლით მისი "დამანგრეველი გავლენა" განიხილეს.

იერიშის დაწყებამდე შესაძლო თავდასხმაზე ჰკითხეს პენტაგონის სპიკერს, ბრიგადის გენერალ პატ რაიდერსაც, თუმცა, მან საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

11 იანვარს, შეხვედრებისა და განცხადებების ფონზე მოკავშირეების თავდასხმის ალბათობის ზრდასთან ერთად, ჰუსიტების ლიდერმა, აბდულ მალიქ ალ-ჰუსიტმა თქვა, რომ ისინი აშშ-ს თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებდნენ.

"ამერიკელების ნებისმიერ თავდასხმას პასუხი გაეცემა. პასუხი იქნება უფრო დიდი, ვიდრე თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ოცი დრონით და რამდენიმე რაკეტით... ჩვენ ისრაელთან დაკავშირებული გემების მიზანში ამოღებაზე უფრო მეტად ორიენტირებულები ვართ და უკან დახევას არ ვაპირებთ". - თქვა მან.

ალ-ჰუსიტი გულისხმობდა ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ 10 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის დროსაც ბრიტანულმა და ამერიკულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაციით წითელ ზღვაში ჰუსიტების უდიდესი საჰაერო თავდასხმა გაანეიტრალეს.

მანამდე, 31 დეკემბერს ჰუსიტების თავდასხმის მოგერიებისას აშშ-ს მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას დაჯგუფების რამდენიმე წევრი ემსხვერპლა. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ვერტმფრენების გამოყენებით Maersk-ის კუთვნილ გემზე თავდასხმის შესაჩერებლად ჰუსიტების კატერები ჩაძირეს.

დასავლეთის ქვეყნების არაერთი მოთხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გამავალ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზაზე კომერციულ გემებზე თავდასხმები არ შეწყვიტეს.


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

კომენტარები