ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

წითელ ზღვაში Maersk-ის გემზე თავდასხმის აღკვეთისას აშშ-ს არმიამ ჰუსიტები დახოცა

REUTERS/Amr Abdallah Dalsh

აშშ-ს არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ წითელ ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს ჰუსიტ მებრძოლებს, რომლებიც კომერციულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად რამდენიმე თავდამსხმელი დაიღუპა.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ამ განცხადებას წინ უძღოდა განცხადებების სერია. შაბათს, 30 დეკემბრის საღამოს შეერთებული შტატების არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი სამხედრო გემის, Gravely-ს ეკიპაჟმა Maersk-ის კუთვნილი, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი კომერციული გემის მიმართულებით გაშვებული ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, წითელი ზღვის სამხრეთში ცურვისას იმავე Maersk Hangzhou-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გემს რაკეტა მოხვდა.

უკვე კვირა დილით, 31 დეკემბერს, Maersk Hangzhou-ს ოთხი კატერით ჰუსიტები დაესხნენ თავს, სატვირთო გემის მიმართულებით მცირე შეიარაღებით ცეცხლი გახსნეს და ბორტზე ასვლა სცადეს.

Maersk-ის გემმა დასახმარებლად აშშ-ს სამხედრო ხომალდებს, Gravely-სა და Dwight D. Eisenhower-ს მიმართა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ხომალდებიდან ვერტმფრენები ააფრინეს, ადგილზე მისულებმა ჰუსიტები სიტყვიერად გააფრთხილეს, თუმცა, სანაცვლოდ კატერებიდან ცეცხლი მიიღეს.

"აშშ-ს საზღვაო ძალების ვერტმფრენებმა თავდაცვისთვის საპასუხო ცეცხლი გახსნეს" და ოთხი კატერიდან სამი ჩაძირეს, მეოთხემ კი გაქცევა მოახერხა. განადგურებული კატერების ეკიპაჟი დაიღუპა. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ს პერსონალი არ დაშავებულა და არც აღჭურვილობა დაზიანებულა.

Maersk Hangzhou-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები 19 ნოემბრის შემდეგ ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში საერთაშორისო სავაჭრო გემებზე განხორციელებული 23-ე უკანონო თავდასხმაა. ამასთან, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს საზღვაო ფლოტმა ჰუსიტი მებრძოლების დახოცვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თავდასხმის შემდეგ, Maersk-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წითელ ზღვაში ნაოსნობა 48 საათით შეაჩეროს და დროებით ტვირთის გადასატანად აფრიკის შემოვლით ალტერნატიული მარშრუტი გამოიყენოს.

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

კომენტარები