შავი ზღვა

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე მემორანდუმი გააფორმეს

ბულგარეთის ხომალდი, რომელიც ნაღმების გაუვნებელყოფის მიზნით გამოიყენება. 
RFE/RL

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავ ზღვაში ნაღმების საწინააღმდეგო საზღვაო ჯგუფის (MCM Black Sea) შექმნის შესახებ. ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ერთობლივ ოპერაციებს სამი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაში.

მემორანდუმს ხელი თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს.  

ინიციატივის მიზანი იმ ოპერაციებისთვის ზედამხედველობის გაწევაა, რომელთა შედეგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში მოტივტივე ნაღმების გაუვნებელყოფა იქნება.

"MCM Black Sea- ის საქმიანობა ბუნებრივად მშვიდობიანი ხასიათისაა და არ არის მიმართული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ [ინიციატივა] ხელს შეუწყობს ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობებს მონაწილეებს შორის NATO-ს ყოფნისა და შავი ზღვის არეალში შეკავების და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევის ჩანაცვლების გარეშე". - ამბობენ ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში.

როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირველი ეტაპი სამმხრივია, შესაძლებელია სხვა პარტნიორების ჩართვაც. 

შავ ზღვაში რუსული ნაღმები საფრთხეს უქმნის გემებს და ხელს უშლის უკრაინის ძალისხმევას, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის გარღვევისკენაა მიმართული. 2023 წლის მეორე ნახევარში რამდენიმე ნაღმმა გემების აფეთქება გამოიწვია, ხოლო არაერთი მათგანი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზე ჩაიძირა.

ბოლო ცნობილი ინციდენტი 27 დეკემბერს მოხდა, როდესაც უკრაინის პორტში მარცვლეულის ჩასატვირთად მიმავალი სატვირთო გემი ნაღმს შეეჯახა და ბორტზე ხანძარი გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

უკრაინის ომის დაწყებიდან შავ ზღვაში თითქმის 90 მოტივტივე ნაღმი განადგურდა, მათი უმეტესობა უკრაინელებმა გაანადგურეს, ხოლო ხუთი ნაღმი - რუმინეთის საზღვაო ძალებმა.

კომენტარები