საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უარყოფენ, რომ რუსული ხომალდი მიდვოლგა-2, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოსკენ მიემართებოდა.
"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები.
სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე, ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს." - წერია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ხომალდზე თავდასხმა უარყვეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსულ მედიაში კი ირწმუნებიან, რომ იერიში საჰაერო დრონმა მიიტანა.
2 დეკემბერს თურქეთის თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საქმეთა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ თავს დაესხნენ რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ხომალდს, მიდვოლგა-2-ს, რომელსაც მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა.
გასული კვირის ბოლოს უკრაინამ ნავთობის გადატანისთვის სანქცირებულ ორ რუსულ ხომალდზე შავ ზღვაში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. შემთხვევა თურქეთის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამას გარდა, რუსეთთან დაკავშირებული კიდევ ერთი გემი სენეგალის სანაპიროსთან აფეთქდა.





