ნეპალი

ნეპალელი სულიერი ლიდერი "ბუდა ბიჭი" არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დაკავების შემდეგ, ბორკილებდადებული სულიერი ლიდერი, რამ ბაჰადურ ბომჯანი გამოძიების ცენტრალურ ბიუროში გასამართ პრესკონფერენციაზე მიჰყავთ, 2024 წლის 10 იანვარი
AP Photo/Niranjan Shrestha

ნეპალელი სულიერი ლიდერი, "ბუდა ბიჭის" სახელით ცნობილი რამ ბაჰადურ ბამჯანი არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისა და მისი ბანაკებიდან, სულ მცირე, ოთხი პიროვნების გაუჩინარებაში მონაწილეობის ბრალდებებით დააკავეს.

ის ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში სამშაბათს, 9 იანვარს გვიან ღამით თავისი სახლიდან აიყვანეს. 10 იანვარს გამართული პრესკონფერენციის დროს, სადაც ბამჯანი ხელბორკილებით მიიყვანეს, პოლიციამ თქვა, რომ ბრალდებულმა დაკავებისას ფანჯრიდან გადახტომით გაქცევა სცადა.

პოლიციის ინფორმაციითვე, სულიერი ლიდერის სახლიდან 227 ათასი დოლარის ეკვივალენტის ნეპალური ბანკნოტების დასტა და 23 ათასი დოლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ამოიღეს. ბრალდებულის სასამართლო, სავარაუდოდ, სამხრეთ ნეპალში ჩატარდება.

ბევრი ნეპალელის აზრით, "ბუდა ბიჭი" ბუდიზმის დამაარსებლის, დაახლოებით 2 600 წლის წინ სამხრეთ-დასავლეთ ნეპალში დაბადებული სიდჰარტა გაუტამას რეინკარნაციაა. ბამჯანი სამხრეთ ნეპალში ცნობილი 2005 წლიდან, მას შემდეგ გახდა, რაც ბევრმა ბუდისტმა დაიჯერა, რომ მას ხის ქვეშ, უმოძრაოდ, საჭმლისა და წყლის მიღების გარეშე მედიტაცია თვეების განმავლობაში შეეძლო.

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ ბამჯანის პოპულარობა შემცირდა, თუმცა, ის სამხრეთ ნეპალში ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბანაკებს, რომლებსაც მისი ათასობით მიმდევარი სტუმრობს.

კომენტარები