ნეპალი

21 დაღუპული დემონსტრანტი და გადამდგარი პრემიერი – რა მოხდა ნეპალში

დემონსტრანტები ნეპალში, კატმანდუში
Navesh Chitrakar/Reuters

მას შემდეგ, რაც 8 სექტემბერს ნეპალში საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 19 დემონსტრანტი დაიღუპა, ქვეყნის პრემიერმინისტრი, შარმა ოლი გადადგა. ამის შესახებ ცნობა მისმა დამხმარემ გაავრცელა. 

საპროტესტო ტალღა სოციალური მედიების დაბლოკვის, ფართომასშტაბური კორუფციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე დაიწყო. დემონსტრაციები ნეპალის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა მედიები მოვლენებს "ჯენ ზის პროტესტს" ეძახდნენ. აქციების დროს ხშირი იყო ლოზუნგები: "დაბლოკეთ კორუფცია და არა სოციალური მედია".

სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, მთავრობამ სოციალური ქსელებზე დაწესებული რეგულაცია გააუქმა. ოლის გარდა, თანამდებობა დატოვა სხვა რამდენიმე მინისტრმაც.

მშვიდობიანი პროტესტი 8 სექტემბერს დილიდან დაიწყო. რამდენიმე საათში სიტუაცია დაიძაბა და დაიწყო შეტაკებები. პოლიციამ დემონსტრანტების მიმართულებით საბრძოლო ტყვიების სროლა დაიწყო. ამავე დღეს ნეპალის მთავრობამ დედაქალაქ კატმანდუში კომენდანტის საათი დააწესა, თუმცა დემონსტრანტებმა ის დაარღვიეს და აქციები გაგრძელდა. ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ნეპალის სხვადასხვა ქალაქებში დამწვარი სამთავრობო შენობები ჩანს. ამას გარდა, დემონსტრანტები თავს დაესხნენ რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერმინისტრის სახლსაც.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაღუპულ დემონსტრანტთა საერთო რაოდენობამ 21-ს მიაღწია. 19 მათგანი 8 სექტემბერს, ორი კი 9 სექტემბერს მოკლეს.

საპროტესტო ტალღა ნაწილობრივ სწორედ სოციალურ მედიაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. ნეპალის მთავრობამ, "ფეიკ ნიუსებთან" და "სიძულვილის ენასთან" ბრძოლის მიზნით, მიიღო ახალი კანონი. თუ სოციალური ქსელები მასთან შესაბამისობაში არ მოვიდოდნენ, მთავრობა მათ აკრძალვას გეგმავდა, რაც მოხდა კიდეც. დაიბლოკა Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი, YouTube-ი, X-ი და ასევე ჩინური სოციალური ქსელებიც. 

თუმცა, თავად დემონსტრაციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებზე დაწესებული შეზღუდვები პროტესტის ერთადერთი მიზეზი არაა. წლების განმავლობაში იზრდებოდა ხალხის უკმაყოფილება ეკონომიკური შესაძლებლობების ფაქტობრივი არარსებობის გამო. 2024 წელს, მსოფლიოს ბანკის მონაცემებით, 15-24 წლის ნეპალელებში უმუშევრობის მაჩვენებელი 20.8% იყო. პარალელურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ონლაინ მოძრაობა "ნეპო ბავშვების" (რედ. - ადამიანები, რომლებიც სარგებელს საკუთარი ოჯახის კავშირებითა და ნეპოტიზმით იღებენ) წინააღმდეგ.

გადადგომამდე პრემიერმინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ მთავრობა "არაა ნეგატიურად განწყობილი ჯენ ზის თაობის მოთხოვნებისადმი" და ორშაბათის მოვლენებით "ღრმად დამწუხრებულები" არიან. შარმა ოლიმ ძალადობა "დაინტერესებულ ინფილტრირებულ ჯგუფებს" დააბრალა.

ნეპალის კოალიციურ მთავრობის მთავარ ბირთვს ქვეყნის ორი დიდი პოლიტიკური ორგანიზაცია: ნეპალის კონგრესი და კომუნისტური პარტია წარმოადგენდა. პრემიერმინისტრი ოლი სწორედ კომუნისტური პარტიის წევრია. პრემიერმინისტრის გადადგომას ოპოზიციური პარტიების გარდა მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელიც ითხოვდა. ჯერჯერობით არ არის ცხადი, თუ რა მოხდება ოლის გადადგომის შემდეგ.

ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ნეპალში მონარქია 2008 წელს გაუქმდა, თუმცა ქვეყანა მას შემდეგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში რჩება. 

კომენტარები