ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

BBC არასაკმარისი მტკიცებულებებით ჰამასის განცხადების გაშუქებისთვის ბოდიშს იხდის

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობა (BBC) ბოდიშს იხდის ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განცხადების გავრცელებისთვის. 24 დეკემბერს BBC-ში ჰამასის განცხადება გააშუქეს, რომელშიც ჰამასი ისრაელის სამხედრო ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო სიკვდილით დასჯაში ადანაშაულებდა.

BBC-ის თქმით, მათ ჰამასის განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაში საკმარისი ძალისხმევა არ ჩადეს, რასაც ჰამასის განცხადების გაშუქება უნდა გაემართლებინა.

"წინა ღამის ცნობებზე გამოშვებაში ამბავი გავაშუქეთ, რომელშიც ჰამასი ისრაელის არმიას ღაზის სექტორში უკანონო სიკვდილით დასჯების ჩატარებაში ადანაშაულებდა. ეს ჰამასის განცხადება იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები [ჰამასს] მივაწერეთ და გამოშვებაში ისრაელის ჯარის პასუხიც იყო, რომელშიც ეწერა, რომ ისინი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლისთვისაც სიმართლე არ ფასობს, ჩვენ საკმარისი ძალისხმევა არ ჩავდეთ დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაში, რაც ჰამასის განცხადების გაშუქებას გაამართლებდა. ამ შეცდომისთვის ბოდიშს ვიხდით". - წერია BBC-ის განცხადებაში, რომელიც შესწორებებისა და ახსნა-განმარტებების ნაწილში გამოქვეყნდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც BBC-იმ ისრაელის თავდაცვის ძალებზე მცდარი ინფორმაციის გაშუქებისთვის ბოდიში მოიხადა. 20 ოქტომბერს BBC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯონათან მანრომ თქვა, რომ 17 ოქტომბრის ღაზის საავადმყოფოს თავდასხმის გაშუქებისას მათ შეცდომა დაუშვეს. მანროს თქმით, პირდაპირ ეთერში საავადმყოფოს აფეთქების გაშუქებისას "მაუწყებლობის ენა არ იყო ბოლომდე სწორი". BBC-ს კორესპონდენტმა ჯონ დონისონმა სპეკულაცია მოახდინა და მაყურებელს მიანიშნა, რომ აფეთქება ისრაელის იერიშის შედეგი იყო, რაც 19 ოქტომბერს BBC-ის მენეჯმენტმა შეცდომად აღიარა. 

ხოლო 15 ნოემბერს BBC-იმ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის ოპერაციის გაშუქებისას დაშვებული ფაქტობრივი შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტმა, მონიკა მილერმა ოპერაციის გაშუქებისას თქვა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები მიზანში იღებენ სამედიცინო პერსონალს და არაბულენოვან მოსახლეობას. 

კომენტარები