ბიძინა ივანიშვილი

პრემიერის წარდგენა, მთავარი მრჩევლობა - ივანიშვილის ფუნქციები ოცნებაში წესდების მიხედვით

ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის 5 თებერვალი.
ალექსანდრე იმედაშვილი / РИА

ქართული ოცნების ახალი წესდების მიხედვით, პრემიერმინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარადგენს - წესდება საჯარო რეესტრში დღეს დარეგისტრირდა. 

პოლიტიკური საბჭო "პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას" - წერია დოკუმენტში. 

30 დეკემბერს ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ახალი წესდების მიხედვით, "საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი".

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, "პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე". ამასთან, წესდება განსაზღვრავს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს უფლება აქვს მოიწვიოს პარტიის რიგგარეშე ყრილობა. 

დოკუმენტის თანახმად, საპატიო თავმჯდომარე შედის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაშიც. ქართული ოცნების "პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი". 

კომენტარები