ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა სირიასა და ლიბანში იერიშები მიიტანა

ისრაელი საჰაერო იერიშებს სირიასა და ლიბანში აგრძელებს. ლიბანში ისრაელის სამიზნე ჰეზბოლას ობიექტები იყო.

მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ, ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მათ "ფართო" საპასუხო დარტყმები დაუბრუნა.

პარალელურად, სირიის სამთავრობო მედიამ, SANA-მ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ალეპოს მახლობლად, რასაც "მატერიალური დანაკარგი" მოჰყვა. ცნობაში არ იყო ნახსენები, თუ რა ობიექტები დაზიანდა, თუმცა სხვა მედიები წერდნენ, რომ იერიში ალეპოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მოხდა და სამიზნეც სწორედ ის იყო. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Kan-ის ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების ტყვია-წამლის საცავები იყო. სირიაში მიტანილ იერიშებზე, როგორც ყოველთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარს არ აკეთებენ.

7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო ქმედებების დაწყებას ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლას გააქტიურება მოჰყვა. ამის შემდეგ ისრაელს პერიოდულად მიაქვს იერიშები ლიბანის სამხრეთსა და სირიაზეც, სადაც ჰეზბოლას წარმომადგენლები და მათი ირანელი მხარდამჭერებიც იმყოფებიან.

კომენტარები