ოკუპირებული აფხაზეთი

სამხარაძე ბიჭვინთაზე: ანექსია არ მომხდარა, იჯარით გადასცეს

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იჯარით გადაცემას გამოეხმაურა. სამხარაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ანექსია არ მომხდარა.

"ანექსია არ მომხდარა. ძალიან გთხოვთ, ტერმინებს ნუ აურევთ. იჯარით გადასცეს [...] ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, რადგან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია [...] საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე რაც უფრო მეტად გადადგამს ნაბიჯებს, რუსეთისა და დე ფაქტო, მარიონეტული რეჟიმების მხრიდან მით უფრო მეტად გახშირდება როგორც მსგავსი ტიპის პროვოკაციები, ასევე განცხადებები". - უთხრა ჟურნალისტებს სამხარაძემ.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემას.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა 27 დეკემბერს გამთენიისას გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.

26 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავდა. ამ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაწყება მოჰყვა. 

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-61 წლებში შენდებოდა, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით.

კომენტარები