ოკუპირებული აფხაზეთი

EU-ს წარმომადგენლობა: ოკუპირებული აფხაზეთის მიწების გადაცემა რუსეთისთვის უკანონო და ბათილია

REUTERS/Yves Herman/File Photo

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც  ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი.

"ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემას.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს, 27 დეკემბერს გამთენიისას გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.

26 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავდა. ამ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაწყება მოჰყვა. 

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-61 წლებში შენდებოდა, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით.

კომენტარები