აზია

სამხრეთ კორეამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

სამხრეთ კორეა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვას დამატებით 682 საქონელზე, მათ შორის ბატარეებზე, ექსკავატორებსზე და მსხვილ მანქანებზე აწესებს. 

გადაწყვეტილება სამხრეთკორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგიის სამინისტრომ დააანონსა.

ჯამში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სამხრეთ კორეამ რუსეთსა და ბელარუსში 1 159 საქონელის ექსპორტი აკრძალა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ტაივანმა და იაპონიამაც გააფართოეს. 

გუშინ, 27 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ტაივანმა დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთში ნახევარგამტარების დასამზადებლად საჭირო მოწყობილობების ექსპორტზე, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეულ ქიმიკატებსა და მედიკამენტებზე.

15 დეკემბერს კი იაპონიის გადაწყვეტილების შედეგად, სანქციები დაწესდა არაინდუსტრიული გამოყენების რუსული ბრილიანტის იმპორტზე. 

ამავდროულად, სანქციები დაუწესდა რუსეთში დაფუძნებულ 57 ორგანიზაციას და ასევე ექვს ორგანიზაციას არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში, სირიაში, უზბეკეთსა და სომხეთში. 

ჯამში, იაპონიამ სანქციები 494 რუსულ ორგანიზაციას და კომპანიას დაუწესა. 

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული იაპონიამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქციები დააწესა. საპასუხოდ, გასულ წელს, რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა იაპონიის 400-მდე დეპუტატი. მათ ბრალად ედებათ " უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის საკითხზე არამეგობრული, ანტირუსული პოზიციების მიღება, რაც გამოიხატა რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებაში". 

კომენტარები