ტაივანი-ჩინეთი

სი ძინფინგმა მაო ძედუნის 130-ე წლისთავზე თქვა, რომ ტაივანის შემოერთება გარდაუვალია

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან "კვლავ გაერთიანება" "გარდაუვალია".

"ჩვენი სამშობლოს სრული გაერთიანება გარდაუვალი გეზია, ეს სამართლიანობა და ჩვენი ხალხის არჩევანია. სამშობლო უნდა გაერთიანდეს, და ასეც მოხდება". - თქვა სი ძინფინგმა მაო ძედუნის დაბადებიდან 130-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და სი ძინფინგის გაცხადებული პოზიციაა, რომ საბოლოოდ ჩინეთმა ტაივანი უნდა შეიერთოს, რასაც ჩინეთის ლიდერის ზემოხსენებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ტაივანში 13 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტაივანი-ჩინეთის ურთიერთობებია.

ჩინეთმა და ტაივანის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, კუომინტანგმა (KMT) მოახლოებული არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის არჩევანად მონათლეს. KMT-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ხოუ იუ-იმ 2 დეკემბერს თქვა, რომ მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემა ნიშნავს "ყველას ბრძოლის ველზე გაგზავნას", რადგან ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ომს გამოიწვევს.

კუომინტანგი ტრადიციულად ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მომხრეა, თუმცა უარყოფს, რომ მისი მხარდაჭერილი პოლიტიკა პროჩინურია. პარტიამ გასცა დაპირება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩინეთთან მოლაპარაკებებს განაახლებს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინა წლის პარტიულ ყრილობაზე, სი ძინფინგმა საჯაროდ თქვა, რომ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმებოდა, თუ საერთაშორისო მხარდაჭერით დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. 

კომენტარები